Thursday, June 3, 2010

რას გულისხმობს ფიზიკური დზალადობა

ფიზიკური ძალადობა გულისხმობს მშობლებისა და სხვა მზრუნველი პირების მიერ ბავშვისადმი ფიზიკური ტრავმის – სხეულის რაიმე დაზიანების მიყენებას, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის შესუსტებას და მისი განვითარების შეფერხებას. ფიზიკური ძალადობა ასევე გულისხმობს ბავშვისთვის ნარკოტიკების, ალკოჰოლის და სხვადასხვა პრეპარატების მიცემას. ზოგიერთ ოჯახში, ბავშვის აღზრდის ყველაზე მიუღებელ მეთოდს მიმართავენ – ეს არის ფიზიკური დასჯის სხვადასხვა ფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკურ ტრავმას ყოველთვის თან ახლავს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქიკური ტრავმაც.
ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ნებისმიერ ტიპს მივყავართ სრულიად განსხვავებულ შედეგებამდე, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი – ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება და მისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არასწორი დამოკიდებულების უარყოფით შედეგებს ეკუთვნის: რომელიმე ორგანოს ფუნქციის დაკარგვა ან გაუარესება, რაიმე დაავადების განვითარება, ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის 100 შემთხვევიდან დაახლოებით, 1-2 სრულდება ძალადობის მსხვერპლის სიკვდილით. ფიზიკური ძალადობის ვიზუალურ შედეგებს მიეკუთვნება სხეულის ჩალურჯებული მონაკვეთები, ტრავმები, მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების – ღვიძლის, ელენთის, თირკმელების და სხვათა დაზიანება. ამ დაზიანებების სამკურნალოდ დროა საჭირო, მაგრამ უფრო ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდება დაზარალებული ბავშვების ფსიქიკის მკურნალობას. განასხვავებენ ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ადრეულ და შორეულ შედეგებს. ადრეულ შედეგებს მიეკუთვნება ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, ღებინება, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, სისხლდენა თვალებიდან, რაც დამახასიათებელია ტვინის შერყევისთვის პატარა ბავშვებში, რომელთაც მხრებით იჭერენ და ძლიერად ანჯღრევენ. ადრეულ გამოვლინებებს აგრეთვე მიეკუთვნება მწვავე ფსიქიკური დარღვევები ნებისმიერი აგრესიის საპასუხოდ. ასეთი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს აგზნებით, სადმე გაქცევის სურვილით, დამალვით ან სრული გულგრილობით მის გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ. თუმცა ყველა შემთხვევაში ბავშვი შეპყრობილია შიშით, განგაშით და მძვინვარებით. უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება, განუვითარდეთ მძიმე დეპრესია საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნებით. ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის შორეულ გამოვლინებებს მიეკუთვნება ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება, სხვადასხვა სომატური დაავადების განვითარება, პიროვნული და ემოციური დარღვევები და სოციალური შედეგები.



No comments:

Post a Comment